ჩატარებულმა დისკუსიებმა გამოავლინეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე მოხდა თითეული ქალაქისთვის დამახასიათებელი სპეციფიური საკითხების გამოვლენა და გაიმართა დისკუსია პრობლემების მოგვარების შესაძლებლობებზე.
დისკუსიებზე დამსწრე საზოგადოება განსხვავებული იყო ქალაქების მიხედვით. აუდიტორია, ძირითადად, ადგილობრივი მედიის, თვითმმართველობის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლებისგან შედგებოდა.
ხაზი გაესვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ მიდგომის შეცვლის მნიშვნელობას. ტრადიციული მიდგომა, რომელიც დახმარება/ქველმოქმედებაში მდგომარეობს, აუცილებელია ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირების მიდგომით ჩანაცვლდეს. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ წარმოადგინა უფლებათა დარღვევის კონკრეტული ფაქტები, რომელიც სახალხო დამცველის ოფისის მონიტორინგის ჯგუფმა მოიპოვა.
ყველა დისკუსიისას აღინიშნა, რომ ქალაქებში არსებული ინფრასტრუქტურა არ აძლევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. მართალია, ქალაქ ბათუმში "ძველი ბათუმის" რეაბილიტაციისას გათვალისწინებულ იქნა პანდუსების დამონტაჟება, თუმცა მომხსენებლის თანახმად, პანდუსები დაახლოებით 10–15 სანტიმეტრით მაინც არის აცილებული სტანდარტებისაგან, რაც ნიშნავს იმას, რომ ეტლში მჯდომი პირი, დამოუკიდებლად, ვინმეს დახმარების გარეშე ამ პანდუსებით ვერ ისარგებლებს. სოციალური დაცვის პრობლემა ასევე ზოგადია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საქართველოში, არ არსებობს მონაცემთა ზუსტი ბაზა. პრობლემატურია შეღავათების პოლიტიკა.
ინკლუზიური განათლების საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ წამოიწყო გარკვეული ინიციატივები, შექმნილია ინკლუზიური განათლების პროგრამა, რიგ შემთხვევებში ახალგარემონტებულ სკოლებში გათვალისწინებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის. თუმცა პროგრამის განხორციელებისას წარმოიშობა მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც პედაგოგთა შესაბამის უნარ-ჩვევების არ ქონით, მოსწავლეთა მშობლების სტერეოტიპული წარმოდგენებითა და ზოგადად, პროგრამის სწრაფად განხორციელებისა და სტრატეგიული დაგეგმარებისას დაშვებული შეცდომებითაა გამოწვეული.
სოციალური მეწარმეობის განვითარება განიხილა როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შრომის ხელისმისაწვდომობის ერთერთი მნიშვნელოვანი გზა. აღინიშნა, რომ სასურველია ხელი შეეწყოს ბიზნეს სექტორის და თვითმმართველობის როლის გააქტიურებას სოციალური საწარმოების განვითარებაში.
დებატებისას განიხილებოდა მედიის გააქტიურების აუცილებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე და მედიის, როგორც ერთერთი მნიშვნელოვანი აქტორის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული წარმოდგენების რღვევაში.
No comments:
Post a Comment